რუბრიკა – საფესტივალო დღიურები
ნინია კაკაბაძე ბერლინიდან
უკანაკსნელი დღე
Berlinale Kinotag (ბერლინალეს კინოდღე) – ასე ჰქვია ბერლინის კინოფესტივალის ბოლო დღეს, როდესაც თითქმის ყველა კინოთეატრში, მათი რიცხვი რამდენიმე ათეულს შეადგენს, ერთმანეთის მიყოლებით ფესტივალზე მონაწილე თითქმის ყველა ფილმს აჩვენებენ, ბუნებრივია, პირველ რიგში საკონკურსო პროგრამას. შაბათს საღამოს 7 საათზე კი გამარჯვებულები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ნახეთ ალბათ, რომ ბერლინის ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ძალიან საქმიან ატმოსფეროში მიმდინარეობს, ყოველგვარი ზიზილპიპილოების გარეშე, ისეთი უსასრული და უმეტეს შემთხვევაში უგემოვნო სანახაობის გარეშე, ცოტა ხანში “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალზე რომ იქნება. სხვათაშორის აქვე მოგახსენებთ, რომ წელს არც ერთ ამერიკულ კინოპროდუქციას არ ერგო “ბერლინელი დათვი.”
პრესის წარმომადგენლებისთვის, როგორც წინა წერილში მოგწერეთ (თუ ძალიან მოინდომებ დარბაზშიც მოხვდები, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის) ფესტივალის ტერიტორიის ყველა ეკრანზე, რამდენიმე დარბაზში და დარბაზის გარეთ გამოტანილ ეკრანებზე დახურვის პირდაპირი ტრანსლიაცია მიდის. ჩვენ “სინემაქსის” ერთ-ერთ დარბაზში შევედით, დავსხედით და მოვემზადეთ დარტყმების მისაღებად. როგორც წესი ასეა, რომ ჩვენი ფავორიტი და მითუმეტეს ბერლინში ვერ იღებს “ოქროს დათვს.”
არ მინდა რომ დავწერო და არ ვიცი, როგორ ავუარო გვერდი. ვიცი, დღეს ეს უკვე ერთგვარი პოლიტელიტური კონიუქტურაა და არ მიყვარს ხოლმე კონიუქტურაზე მორგება, მაგრამ რა ვქნა რომ ჩემდაუნებურად ვინერვიულე. ვინერვიულე რომ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ რუსულ ფილმს მთავარი ჯილდო არ აეღო. მოდი ასე ვთქვათ, ალექსეი პოპოგრებსკის ფილმი “როგორ გავატარე ეს ზაფხული” ნამდვილად არ იყო კარგი და ჩვენ მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდით, რომ საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით ისიც არ წაეხალისებინათ დაუმსახურებლად. მაშინ, როდესაც ჯერ ერთი “დათვი” (საუკეთესო გამოსახულება – ოპერატორის ნამუშევრისათვის) და შემდეგ მეორე “დათვი” (მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) გადასცეს, ქართულმა ჯგუფმა ერთდროულად ტკივილნარევი შვებით ამოვისუნთქეთ. გვეტკინა უკვე 2 (მთლიანობაში 3) “დათვი” რომ წაიღეს და გაგვეხარდა, როდესაც ვიფიქრეთ: – ე.ი. ოქროს არ მისცემენ! ბერლინში, ისე როგორც ოსკარზე ერთ ფილმს როგორც წესი ორზე მეტი ჯილდო არ მიაქვს და ჯილდოების რაოდენობაც არც ისეთი დიდია. მეორედ სცენაზე უკვე მსახიობები გრიგორი დობრიგინი და სერგეი პუსკეპალისი ავიდნენ, ბუნებრივია გახარებულები. ორივე მათგანი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დააჯილდოვეს. გასანკუთრებულად სასახირულო ეს სერგეი პუსკეპალისისთვის იყო, რადგან ეს მისი კინოდებიუტია და დებიუტისათვის ბერლინალეს დათვი მისი წარმატებული კინოკარიერის გარანტია იქნება. სერგეიმ მისი სამადლობელი სიტყვა სცენაზე ასე დაასრულა, ტრადიციული სიტყვებისა და მადლობების შემდეგ: “ეს ჯილდო ჩემს ბებოს ეძღვნება, რომელიც ახლა ძალიან ავად არის. ბებო გახსოვდეს ღმერთი შენთან არის!” – შემდეგ დარბაზს გადახედა და მათაც უთხრა – “ღმერთი თქვენთან არის~. მოკლედ, ერთმა ჩვენმა “დროებითმა ჟურნალისტმა” რომ იცოდა, ბოლოს ღმერთს რომ მიგვაბარებდა ყველას, ასე დაგვლოცა პუსკეპალისმა, წაიღო “ვერცხლის დათვი” და წავიდა.
კადრი ფილმიდან “როგორ გავატარე ზაფხული”
ერთ-ერთ წინა წერილში ბევრი დავწერე რუმინულ კინოზე, კერძოდ კი იმ ფაქტზე, რომ რუმინული ფილმი უკვე თითქმის ყველა საერთაშორისო პრესტიჟულ ფესტივალებზე მონაწილეობს და თითქმის არც ერთს არ ტოვებს ჯილდოს გარეშე. ეს გზა პირველად ქრისტიან მუნგიუმ გახსნა კანში. წელს, ბერლინალეზე წარმოდგენილი რუმინული ფილმიც, რომელიც არასრულწლოვანი პატიმარი ბიჭის ამბავს ჰყვებოდა ორი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათგან ერთ-ერთი ფესტივალის გრანპრი – “ვერცხლის დათვია.” მეორე კი ალფრედ ბაუერის (ფესტივალის დამაარსებლის სახელობის) საპატიო პრიზი. ეს უკანასკნელიც ძირითადი ნომინაციების ნუსხაშია. ფილმი “თუკი მინდა ვსტვენ” მართლაც ძალიან საინტერესოა და განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო რეჟისორის სიტყვა სცენაზე: “ეს ჯილდო ყველა იმ ბავშვს ეძღვნება, რომელნიც ლექსებს უძღვნიან დედებს, რომელნიც არასდროს უნახავთ”. ფილმიც სწორედ ამაზე იყო და თანაც ფლორინ სერბანი უდედოდ გაზრდილი, დედისგან ტრამვირებული ბავშვების თემას განიხილავს. ბავშვების, რომელთაც სიყვარული უნდათ.
კადრი ფილმიდან “თუკი მინდა ვსტვენ”
ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ რომან პოლანსკისთვის “ვერცხლის დათვის” გადაცემა საუკეთესო რეჟისურისათვის ნამდვილად მორალურ კომპენსაციას უფრო გავდა, ვიდრე გულწრფელ აღიარებას. რომან პოლანსკის ფილმი, რომელიც მის გარეშე და მასთან ერთად გაკეთდა, ის გადაღებებს ციხიდან ხელმძღვანელობდა. პრემიერამაც მის გარეშე ჩაიარა და პოლანსკი შინა პატიმრობაში რჩება. მის მაგივრად სცენაზე ასული პროდიუსერი პოლანსკის გზავნილს გადმოგვცემს: “რომც შემეძლოს სახლიდან გამოსვლა, მანდ მაინც არ არ ჩამოვიდოდი, რადგან ასე წავედი ერთი წლის წინ ჯილდოს ასაღებად და სცენის მაგივრად ციხეში ამოვყავი თავი”. თუმცა სიმბოლური ბმულები პოლანსკის უკანასკნელ ფილმსა და მის ბერლინის ფესტივალზე მონაწილეობას შორის ნამდვილად არსებობს. ფილმი “უჩინარი მწერალი” ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ავტობიოგრაფიული ლიტერატურული რომანის შესახებ გვიყვება, სადაც გარდა მშრალი ბიოგრაფიისა, კრიმინალური ლაქებიც მოჩანს და რომელსაც უჩინარი ავტორი ჰყავს. თავად პოლანსკის ბოლო ფილმიც, მისი ბიოგრაფიის კრიმინალურმა დეტალმა ამ ფილმის (“უჩინარი მწერალი”) უჩინარ რეჟისორად აქცია და ბერლინალე 2010-ზეც პოლანსკი თან იყო, თან არ იყო, ის ჩანდა და ამავე დროს უჩინარი იყო.
რომან პოლანსკი
დაბოლოს, მთავარი ჯილდო “ოქროს დათვი”, რომელიც საიუბილეო ბერლინალეზე თურქ კინორეჟისორს სემი კაპნალოღლუს გადაეცა ფილმისათვის “თაფლი”. ვინც ჩვენს დღიურებს ეცნობოდა, დაამახსოვრდებოდა ერთი პატარა წინადადება, რომელსაც ამ ფილმის შესახებ დავწერე:- თუ გინდა რომ მოგწყინდეთ, დაიღალოთ, დაგეძინოთ ნახეთ სემი კაპნალოღლუს ფილმი “თაფლი”, სადაც მიდიან, მოდიან, იყურებიან, მერე ისევ მიდიან, მოდიან და იყურებიან, ზემოთ, ქვემოთ…. ფილმი მართლაც ასეთია და ეს რეჟისორის სწორედ ამ სტილში შესრულებული ტრილოგიის მესამე ნაწილია. სამივე ფილმს ერთი პერსონაჟი ჰყავს, პოეტი მამაკაცი, რომელიც ტრილოგიის პირველ ნაწილში შუახნის კაცია, მეორე ნაწილში ახალგაზრდა და ამ, მესამე ნაწილში 6 წლის ბავშვი. “თაფლი” ამ პატარა ბიჭის და მისი მამის ურთიერთობას აღწერს პასტორალურ გარემოში, სადაც სულ რამდენიმე პერსონაჟია. მამა კი უფრო ზუსტად რომ აღგიწეროთ “ნატვრის ხე~-ში ოთარ მეღვინეთუხუცესის პერსონაჟს ჰგავს, რომელიც ნატვრის თვალს ეძებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მხსნელი ნატვრის თვალი თაფლია. კაპნალოღლუს კინონაწარმოები პოეტური კინოს ტიპიური ნიმუშია, სადაც ბუნება, ადამიანი, მათი ურთიერთობა და ბოლოს სიკვდილიც კი – ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაშია, ყველაფერი ბუნებრივი და ყველაფერი ადამიანურია. ეს ფილმი სიკეთესა და სიყვარულზეა, და როგორც ჩანს საერთაშორისო ჟიური და მის თავმჯდომარე ვერნერ ჰერცოგი, სწორედ ამ სიკეთე და სიყვარულმა მოხიბლა - ამდენი აგრესიის, ძალადობის, მანიაკალური გამოვლინებების ფონზე, რაც სხვა დანარჩენ ფილმებში იყო წარმოდგენილი და რაც არა მხოლოდ ფილმებში, არამედ რეალურ სამყაროშიც უხვად არის. მაგრამ მისგან გაქცევა არჩიეს ჟიურის წარმომადგენლებმა და ამიტომ თავი ამ გამოგონილ სამყაროს შეაფარეს. “მე მიხარია რომ ბერლინალეს “ოქროს დათვმა” მის კუთვნილ თაფლს მიაგნო, თაფლს რომლის ძებნასაც (მეღვინეთუხუცესის გმირის მსგავსად) ფილმის მთავარი გმირი შეეწირა” – თქვა ფილმის რეჟისორმა სცენაზე.

ერთი სიტყვით კარგია, რომ 60 წლისთავზე ბერლინალეს “ოქროს დათვი” “მაძღარი” დაგვრჩა და პრინციპში ჯილდოებიც მეტნაკლებად სამართლიანად გადანაწილდა. საერთო სურათიც დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ახლა ისევ მაისს უნდა დაველოდოთ, კანი გვპირდება, რომ წელს ჩვენც, კინოსმოყვარულებსაც დაგვანაყრებს. შევხვდებით კანში… დროებით…









































